Geo

სიახლეები

29.10.2016 - პრემიერა - "წმინდა ანტუანის სასწაული"

 

29 და 30 ოქტომბერს ილიაუნის თეატრის სცენაზე მორის მეტერლინკის ფარსის „წმინდა ანტუანის სასწაული“ პრემიერა გაიმართება.

 

ერთი შეხედვით უცნაური და დაუჯერებელი ისტორია ილიაუნის თეატრის სცენაზე, რეჟისორ გაგა გოშაძის დადგმაში ერთბაშად ძალიან ნაცნობ ელფერს შეიძენს. ამ სპექტაკლში მთელი ჩვენი სამყაროა მოქცეული. ხომ შეხვედრილხართ ადამიანებს, რომელთათვისაც სოციალური და ფინანსური სტატუსი უფრო მნიშვვნელოვანია, ვიდრე ჭეშმარიტება, თავმდაბლობა, სიკეთე, სიცოცხლე, სიყვარული და მათ თვალწინ მომხდარი ნამდვილი ამბავი. თუ მეცნიერულად ვერ ხსნი, თუ ლოგიკას არ ექვემდებარება, ე.ი. არც მომხდარა, ამტკიცებენ ისინი. სასწაულები კი ყოველ დღე ხდება ჩვენს გარშემო, უნდა უბრალოდ მათი დანახვა ვისწავლოთ, თორემ ჩვენც ისეთივე ფარსში ამოვყოფთ თავს, როგორშიც ამ სპექტაკლის პერსონაჟები ცხოვრობენ.

 

აურაცხელი სიმდიდრის პატრონის, აწ გარდაცვლილი ჰორტენზიას ნათესავებს დასაფლავების დეტალები ზედმიწევნით აქვთ დაგეგმილი, სწორედ ისე, როგორც მათ სტატუსს შეეფერება. რიტუალური დეტალები წინასწარ გათვლილი და შეთანხმებულია. ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა, ვერაფერი ხელს ვერ შეუშლის, თვით წმინდა ანტუანიც რომ ჩამოვიდეს ცოდვილ დედამიწაზე და გარდაცვლილი ქალი მკვდრეთით აღადგინოს!
 

რა არის ადამიანის სიცოცხლე, როცა საქმე ეხება მილიონებს, დასვრილ ხალიჩებს, მდიდრული სახლის კიდევ უფრო მდიდრულად მოწყობას, რვაფეხასა და კალმახს შუბერტის სოუსში?! ნეტავ, თვით ქრისტე რომ მოევლინოს ხელახლა ამ ჩაკეტილ და ცრუ რელიგიურობით გამსჭვალულ სამყაროს, გააკრავს მას ჯვარზე კიდევ ერთხელ კაცობრიობა, რომელიც სასწაულს მოითხოვს, მაგრამ არაფრით არ სურს მისი დაჯერება.

 

სიმბოლისტი მწერალი. დრამატურგი, პოეტი და ფილოსოფოსი მორის მეტერლინკი წარმოშობით ფლანდრიელია, თუმცა ყველა თავისი ნაწარმოები ფრანგულად აქვს დაწერილი. მან ნობელის პრემია ლიტერატურაში 1911 წელს მიიღო „მრავალმხრივი ლიტერატურული მოღვაწეობისათვის, თუმცა განსაკუთრებით დრამატურგიისათვის, რომელიც მძაფრი პოეტურობითა და ფანტაზიის სიმდიდრით გამოირჩევა“. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის ძირითადი თემატიკა სიკვდილი და ცხოვრების არსის ძიებაა და პოეტურად ასახავს ადამიანის სულისა და გონების მისწრაფებას სიყვარულისა და სიმშვიდისაკენ. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესა „ლურჯი ფრინველი“ სწორედ სიყვარულსა და  ბედნიერების გამუდმებულ ძიებას ეხება.

 

ფარსი „წმინდა ანტუანის სასწაული“ მე-20 საუკუნის დასაწყისშია დაწერილი. იგი საქართველოში პირველად ქუთაისში 1911 წელს დაიდგა, როდესაც პიესის ავტორმა ნობელის პრემია მიიღო. მას შემდეგ ეს პიესა კიდევ ერთხელ 1913 წელს დადგეს თბილისში.


გაგა გოშაძე 2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის ერთ-ერთი წამყვანი პედაგოგია, ილიაუნის თეატრში  კი მან რიგით მეოთხე სპექტაკლზე იმუშავა. ილიაუნის თეატრში მის მიერ დადმგული „ანტიგონე“ თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო  ასოციაციამ და ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა 2014 წლის ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლად დაასახელა. მაყურებელი ასევე კარგად იცნობს მის სპექტაკლებს „გონზაგოს მკვლელობა“ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და „ბოლო გაჩერება“ -  ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.  გაგა გოშაძეს ილიაუნის თეატრში ასევე დადგმული აქვს კომედია „ოპერა მაფიოზო“ და „ჩეხოვი. რეპეტიცია“ ანტონ ჩეხოვის მოთხრობების მიხედვით, რომლის პრემიერაც საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში შედგა.

 

სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით.