Geo

სიახლეები

19.01.2018 - პრემიერა "დანიმ ჩიტი დაიჭირა"

19 და 21 იანვარს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი მიმდინარე სეზონზე მესამე პრემიერას ითამაშებს.

 

„დანიმ ჩიტი დაიჭირა“ სპექტაკლის განახლებული პრემიერაა. მაია ჩართოლანმა ეს კომედია 2013 წელს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში დადგა. სპექტაკლში ამავე თეატრის მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც ამჯერად სპექტაკლს ილიაუნის თეატრის მაყურებლისთვის განაახლებენ.

 

მაია ჩართოლანი, როგორც რეჟისორი უკვე მეორედ მუშაობს ილიაუნის თეატრის სცენაზე. 2016 წელს მის მიერ დადგმული კომედია „ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი“ გიორგი ერისთავის პიესების მიხედვით, დღემდე ანშლაგით მიმდინარეობს.

 

სპექტაკლში „დანიმ ჩიტი დაიჭირა“ მოქმედება ერთი ოჯახის გარშემო ხდება. ამ ოჯახში ხშირად გაიგებთ ფრაზას: „ეს სახლი კი არა, ჯოჯოხეთია!“ ამ ჯოჯოხეთში უამრავი ხალხი ცხოვრობს. ბებია, ბაბუა, დედა, მამა, შვილები, შვილიშვილები, რომლებიც მუდმივად ურთიერთობას არკვევენ, მუდმივად ჩხუბობენ, დაობენ, წუწუნებენ, მიდი-მოდიან, კარებს აჯახუნებენ. მოკლედ, გაუგებრობების ერთი ნაკადი მეორეს ანაცვლებს. როგორ უნდა გამონახოს საერთო ენა დიდმა ოჯახმა? ამის ერთ-ერთ რეცეპტს ჩვენს სცენაზე გათამაშებული კომედია შემოგთავაზებთ.

 

სპექტაკლის „დანიმ ჩიტი დაიჭირა“ მხატვარი არის ქეთი თოდაძე, ხოლო ქორეოგრაფი ანანო სამსონაძე.