Geo

სიახლეები

10.05.2018 - პრემიერა "მარატ-სადი"

 

10, 11 და 12 მაისს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი პრემიერას ითამაშებს. სპექტაკლი “მარატ-სადი”, პეტერ ვაისის ცნობილი პიესის მიხედვით, თეატრის ფოიეში გათამაშდება. პრემიერამდე ერთი საათით ადრე, 10 მაისს 19:00 საათზე წიგნის მაღაზიში „ლიგამუსი“ პიესის „მარატ-სადი“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია შედგება. მთარგმნელი - ჯემალ ჭელიძე.  გამომცემელი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. წიგნის წარდგენაში მონაწილეობას მიიღებენ ლაშა ბუღაძე, გიგა ზედანია, გიორგი მაისურაძე და ნინო ფირცხალავა.

 

სპექტაკლი ახალგაზრდა რეჟისორის, საბა ასლამაზიშვილის დებიუტია. მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამა დრამის რეჟისურის მიმართულებით დაამთავრა. პიესაზე მან ამავე პროგრამის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად იმუშავა, რომელთაც პარტნიორობას გამოცდილი, ცნობილი მსახიობები: ბაჩო ჩაჩიბაია, ამირან ქაჩიაბაია და ანი იმნაძე უწევენ.

 

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით დაიდგა.

 

“ჟან-პოლ მარატის დევნა და მკვლელობა,  შარანტონის თავშესაფრის მსახიობთა მიერ დადგმული მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით” - ასე ჰქვია პიესას, რომელსაც მოკლედ “მარატ-სადს” უწოდებენ. მოქმედება საგიჟეთში ხდება, სადაც მარკიზ დე სადი სპექტაკლს  პაციენტების მონაწილეობით დადგამს.

 

შესაძლებელია კი სრული თანასწორობის მიღწევა რევოლუციის საშუალებით? არის რევოლუცია გზა, რომელიც მოგვანიჭებს ბედნიერებას, გაგვხდის თანასწორებს და დაგვიკმაყოფილებს სურვილებს? სწორედ ამ კითხვებზე ეძებს პასუხს მარკიზ დე სადი საკუთარი ექსპერიმენტული სპექტაკლის მეშვეობით და შედეგი, რომელსაც ის მიიღებს, საკმაოდ მოულოდნელია.

 

ახალგაზრდა დამწყები რეჟისორიც ზემოთხსენებული პასუხების ძიებაშია. მანაც ექსპერიმენტის გზა აირჩია - სპექტაკლი არა თეატრალურ დარბაზში, არამედ ფოიეში თამაშდება.