Geo

სიახლეები

25.09.2018 - “მარატ-სადი” თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

ილიაუნის თეატრის სპექტაკლი „მარატ-სადი“ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის რეკომენდირებულ სპექტაკლებს შორისაა. ფესტივალის ქართული პროგრამის რეკომენდირებული სპექტაკლები თეატრის კრიტიკოსებისგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია.

 

აღსანიშანავია, რომ სპექტაკლის რეჟისორი, საბა ასლამაზიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური პროგრამის კურსდამთავრებულია და „მარატ-სადი“ მისი სადებიუტო ნამუშევარია. პიესაზე მან ამავე პროგრამის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად იმუშავა, რომელთაც პარტნიორობას გამოცდილი, ცნობილი მსახიობები: ბაჩო ჩაჩიბაია, ამირან ქაჩიაბაია და ანი იმნაძე უწევენ.

 

“ჟან-პოლ მარატის დევნა და მკვლელობა,  შარანტონის თავშესაფრის მსახიობთა მიერ დადგმული მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით“ - ასე ჰქვია პიესას, რომელსაც მოკლედ „მარატ-სადს“ უწოდებენ.

 

შესაძლებელია კი სრული თანასწორობის მიღწევა რევოლუციის საშუალებით? არის კი რევოლუცია გზა, რომელიც თავისუფლებისა და ძმობის შეგრძნებებს მოგვიტანს და სურვილებს დაგვიკმაყოფილებს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიებაშია პიესის მთავარი გმირი, მარკიზ დე სადი შარანტონის საგიჟეთში, პაციენტების მონაწილეობით ექსპერიმენტულ სპექტაკლს დგამს და შედეგი, რომელსაც ის მიიღებს, საკმაოდ მოულოდნელია.
ახალგაზრდა დამწყებმა რეჟისორმა, საბა ასლამაზიშვილმაც თავისი სადებიუტო სპექტაკლისთვის ექსპერიმენტის გზა აირჩია და წარმოდგენა არა ტრადიციულ სივრცეში, არამედ თეატრის ფოიეში დადგა. ორი საათით ილიაუნის თეატრი შარანტონის თავშესაფარის იერს იღებს და მსახიობები მაყურებელთან ერთად ცდილობენ საფრანგეთის რევოლუციის პერიპეტიების გახსენებისას მონახონ პახუხები იმ კითხვებზე, რომელნიც დღესაც ესოდენ საჭირბოროტოა.

 

ახალგაზრდა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით დაიდგა. სპექტაკლის პრემიერა ილიაუნის თეატრში მიმდინარე წლის მაისში შედგა. სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე 25 და 26 სექტემბერს 21:00 საათზე გაიმართება.