სასწავლო პროგრამები

თეატრალური ხელოვნების სწავლება ილიაუნიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა მომავალი მსახიობებისა და რეჟისორების დახელოვნებას ისახავს მიზნად და სტუდენტს აძლევს ფართო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას თეატრალური ხელოვნების ამ ორი დარგის შესახებ. პროგრამის მიზანია სტუდენტმა შეიძინოს სოლიდური აკადემიური ბაზა, გაეცნოს თეატრის თეორიულ საფუძვლებს, ძირითად პრინციპებს და შეიძინოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები საშემსრულებლო ჭრილში. ასევე, განავითაროს სტუდენტის შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრეთვე ახორციელებს თეატრალური ხელოვნების, როგორც მეორე სპეციალობის, სწავლებას, რაც სტუდენტებს  თეატრალური ელემენტების საბაზისო ცოდნას აძლევს და მიზნად ისახავს თეატრი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს სტუდენტებისათვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც ფორმალური თეატრალური განათლება არა აქვს.

აუდიტორიაში და სარეპეტიციო ოთახებში მუშაობასთან ერთად, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ პრაქტიკული დახელოვნების მიზნით ილიაუნის თეატრის სარეპერტუარო სპექტაკლებში ითამაშონ, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათი პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის.

ამჟამად, ილიაუნის თეატრალური ხელოვნების ორი ძირითადი მიმართულება – სამსახიობო ხელოვნება და დრამის რეჟისურა, ისევე როგორც მეორე სპეციალობა – სამსახიობო ხელოვნება – მილევად რეჟიმში ფუნქციონირებს. შესაბამისად, ახალი სტუდენტების მიღება ჯერ-ჯერობით არ ხორციელდება.

თეატრალური ხელოვნების პროგრამების ხელმძღვანელი გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რეჟისორი ვანო ხუციშვილი.