“ზაფხულის ღამის სიზმარი”, პრემიერა

Facebook
Google+
Twitter

14 მაისს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრში ამ სეზონის მეხუთე პრემიერა გაიმართება

ახალგაზრდა რეჟისორი, საბა ასლამაზიშვილი საკმაოდ წარმატებული დებიუტის (“მარატ-სადი”) შემდეგ, არც ახლა გაურბის ექსპერიმენტს: ამჯერად მისი სპექტაკლი, უილიამ შექსპირის “ზაფხულის ღამის სიზმარი”, თანამედროვე და განსხვავებული ფორმის  მოშველიებით, ეცდება გაარკვიოს ურთიერთკავშირი ცხადსა და სიზმარს შორის და დაადგინოს რა არის თეატრი დღევანდელი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რა არის სიყვარული 21-ე საუკუნეში და სად გადის ზღვარი მიჯნურს, პოეტსა და მთვარეულს შორის.
რეჟისორი და მსახიობები საკუთარი და მაყურებლის წარმოსახვის გაღვივებით ეცდებიან პიესაში შენიშნონ ის, “რასაც ვერასდროს ვერ მისწვდება ცივი გონება” და “უსხეულო, არარსებულ, უფორმო საგნებს, რაიც მხოლოდღა წარმოსახვით თუ აღიქმება” სახელი დაარქვან, ხორცი შეასხან, თავისი ადგილი მიუჩინონ და მაყურებელიც დააფიქრონ, რომ ცხოვრება, სიყვარულით გასხივოსნებული, ვნებით ანთებული და თეატრით გალამაზებული, შესაძლოა ისეთივე საოცარი იყოს, როგორც ყველაზე უცნაური სიზმარი.

რეჟისორი უილიამ შექსპირის პიესას პროფესიონალ მსახიობებთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად გააცოცხლებს თეატრის სცენაზე. სპექტაკლის მხატვარი ავთანდილ მოდებაძეა, ხოლო კომპოზიტორები –  კონსტანტინე ეჯიბაშვილი და ვახო გვახარია.

სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით.