თეატრი

ილიაუნის თეატრი, რომელიც 2010 წელს გაიხსნა ვაკის თეატრალური სარდაფის ბაზაზე, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი პროფესიული თეატრია.

ილიაუნის თეატრის ძირითადი მისია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური მიმართულების სტუდენტების პროფესიული ზრდა და ტრენინგია. თეატრის ბაზაზე ამჟამად ხორციელდება სამაგისტრო პროგრამა “ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში”. თეატრი ყოველთვის ღიაა ახალგაზრდა რეჟისორებისა და ხელოვანებისათვის, სიამოვნებით ერთვება მათ ექსპერიმენტებსა და ინოვაციურ პროექტებში.

ილიაუნის თეატრის პროფესიულ წარმოდგენებში ცნობილი მსახიობების გვერდით ხშირად არიან დაკავებულები უნივერსიტეტის სტუდენტები და კურდამთავრებულები, რაც მათი პროფესიული ზრდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თეატრი ანტრეპრიზის პრინციპზე მომუშავე შემოქმედებითი სივრცეა, მას არა ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი და მუდმივმოქმედი დასი. ყოველი ახალი წარმოდგენისათვის რეჟისორისა და მსახიობების მოწვევა ხელახლა ხდება სხვადასხვა თეატრებიდან.

საუნივერსიტეტო თეატრმა პირველი სეზონი 2010 წლის 30 სექტემბერს გახსნა ავქსენტი ცაგარელის ვოდევილით „ჭკუისა მჭირს!“ (რეჟისორი ოთარ ეგაძე).

თეატრალური სეზონი იხსნება ოქტომბრის პირველ კვირაში და იხურება ივნისის ბოლოს. თეატრი წარმოდგენებს მართავს კვირაში ოთხჯერ: ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას. სპექტაკლების დაწყების დროა 20:00 საათი.