სამაგისტრო პროგრამა
სამაგისტრო პროგრამა “ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში”
ახალი პროგრამა „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ გულისხმობს რეალურ თეატრალურ მოცემულობაში ცოცხალი პროცესის წარმართვას სწავლის შედეგების მისაღწევად, რაც საქართველოში საშემსრულებლო ხელოვნების მიმართ არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს გასცემს პასუხს.
პროგრამის კონცეფციის მთავარი აქცენტი რეჟისორისა და მსახიობის თანაავტორობით თეატრალური პროდუქტის შექმნაა, რაც ხელს უწყობს როგორც უნივერსალური კადრების, ისე ჯანსაღი შემოქმედებითი პროცესის ჩამოყალიბებას, რომელიც ორიენტირებულია ცოცხალი ხელოვნების, ანუ სიცოცხლისუნარიანი შემოქმედებითი გარემოს განვითარებაზე და ქართულ თეატრალურ სივრცეში კონკურენტუნარიანი პლათფორმის შექმნასა და განმტკიცებაზე.
პროგრამა მოიცავს სახელოსნოს პრინციპებზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს შექმნას მოქმედ თეატრალურ სივრცეში და მომავალ რეჟისორებსა და მსახიობებს ამ პრინციპებზე დაყრდნობით და მუშაობით მისცემს საშუალება თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულებით (დრამის რეჟისურა ან სამსახიობო ხელოვნება), ახალი ცოდნის შეძენის საფუძველზე, განავითარონ საკუთარი ინდივიდუალური შემოქმედებითი ხედვა და გააღრმავონ კვლევაზე დაყრდნობით სპექტაკლის თანაავტორობით შექმნის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რათა მზად იყვნენ როგორც დამოუკიდებელი პროფესიული განვითარებისთვის, ისე კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად თეატრალურ ხელოვნებაში და უპასუხონ თანამედროვე თეატრის გამოწვევებს როგორც ქართულ თეატრალურ სივრცეში, ისე უცხოეთში.
პროგრამა ინოვაციურია, მას ანალოგი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არა აქვს და მოიცავს სახელოსნოს და სტუდიურ პრინციპებზე დაფუძნებულ სწავლებას, რომლის მცდელობაც არსებობდა საქართველოში მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში თეატრალურ ინსტიტუტში მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნოში (რომელიცშემდგომში კინომსახიობთა თეატრის დაარსების საფუძველი გახდა). პროგრამა დაფუძნებულია მსოფლიოს სხვადასხვა თეატრალური სკოლების სასწავლო პროგრამების გამოცდილებაზე და, აგრეთვე, ითვალისწინებს ევროპულ თეატრალურ სკოლებსა და თეატრებთან არსებულ სასწავლო სტუდიებში მსახიობებისა და რეჟისორების ერთად აღზრდისა და დახელოვნების მიმართულებით სტუდიური პრინციპით მუშაობის გამოცდილებას.
თანამედროვე თეატრალური ხელოვნების გამოწვევებიდან გამომდინარე, პროგრამაში მეთოდოლოგიურად არის შეტანილი ისეთი პრაქტიკული კურსები, რომლებიც სტუდენტ-შემოქმედს დაეხმარება სხვადასხვა ფორმებში და მიმართულებებში მოსინჯოს საკუთარი შესაძლებლობები, შეისწავლოს კეთების ტექნიკა და გამოიმუშავოს უნარი მრავალფეროვანი საშუალებებით გადმოსცეს კონკრეტული იდეა ან ჩანაფიქრი. დღეს თეატრალური ხელოვნება მოიცავს თითქმის ყველა ძირითად საშემსრულებლო მიმართულებებს და ამ სინთეზით ქმნის თეატრალურ პროდუქციას, ამიტომ პროგრამაში შეტანილია ისეთი მნიშვნელოვანი საგნები/მიმართულებები როგორიცაა; ინსტალაცია, პერფორმანსი, სივრცის დიზაინი, სხეული, როგორც სიტყვა და დოკუმენტური თეატრი, რომლის სწავლებაც საქართველოში პირველად ხდება თეატრალური ხელოვნების მიმართულებით და იძლევა ერთგვარ მყარ საფუძველს კურსდამთავრებულმა მარტივად აუწყოს ფეხი თანამედროვე თეატრალურ პროცესებს მსოფლიოში და გახდეს კონკურენტუნარიანი შემოქმედი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდს.