12 და 13 აპრილს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრის სცენაზე მორიგი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება.
რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა დავით კლდიაშვილის დაბადების 160 წლისთავთან დაკავშირებით, მისი, ალბათ, ყველაზე პოპულარული პიესის „დარისპანის გასაჭირის“ დადგმა გადაწყვიტა.
თქვენს წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაატარებს დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს წინ და უკან, მეგობრებსა და ნათესავებში, მოყვრებსა და მეზობლებში, რომ როგორმე უპოვოს შესაფერისი ქმარი და უზრუნველყოს მისი მომავალი.
ეს ამბავი, ერთდროულად ტრაგიკული და ღიმილისმომგვრელი, უზარმაზარი სიყვარულითაა გაჟღენთილი ქვეყნის მიმართ, რომელსაც „ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“. ეს ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენი ქვეყნის ბედს, რომელიც დარისპანივით გამოსავალს სხვაგან ეძებს: სხვების დახმარებაში, სხვაზე „მითხოვებაში“, დალხენილი ყოფის ილუზიაში, რომელიც ბუმერანგივით ბრუნდება და კიდევ უფრო დიდ უიმედობას იწვევს.
რა უფრო მნიშვნელოვანია, თავისუფლება, თუ უზრუნველი ცხოვრება?
ახალგაზრდა, მაყურებლისათვის უკვე კარგად ცნობილი, რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი შემოქმედებით ჯგუფთან და მსახიობებთან ერთად ეცდება ამ დადგმით იპოვოს გზა, რომელიც ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს დარისპანის ოჯახის და, ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის მომავალის გადარჩენას.
საბა ასლამაზიშვილი დავით კლდიაშვილს მესამედ მიმართავს. მესხეთის თეატრში დადგმული „ირინეს ბედნიერებისთვის“ რეჟისორმა საქართველოს თეატრალური საზოგადოების გრან-პრი მიიღო 2021-2022 წწ სეზონის საუკეთესო სპექტაკლისათვის, ხოლო მოზარდმაყურებელთა თეატრში ციფრული საერთაშორისო ფესტივალისათვის შექმნილმა სპექტაკლმა „უბედურება“ ამ ფესტივალზე ოთხი ჯილდო დაიმსახურა, შესაბამისად, “დარისპანის გასაჭირი”, რომლის დადგმასაც რეჟისორი ილიაუნის თეატრში გეგმავს, მისთვის დავით კლდიაშვილის ტრილოგიის ერთგვარი დასასრული იქნება.