17, 18 და 19 იანვარს 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრი მე-10 საიუბილეო სეზონს პრემიერით გახსნის.
ზღაპარი დიდებისათვის, როდესაც ისინი პატარები იყვნენ – ასე დაახასიათა რეჟისორმა კახა შარტავამ სპექტაკლი „იდუმალი სკივრი“, რომლის პიესის ავტორიც თავად გახლავთ. „წარმატებული სპექტაკლის „თოვლის დედოფალი“ შემდეგ, რომლის პრემიერაც ილიაუნის თეატრში 2018 წლის მიწურულს შედგა, ამ ახალ ზღაპარს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ“, – ამბობს რეჟისორი.
ზღაპრები, როგორც წესი, სავსეა თავგადასავლებით, მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით. არც “იდუმალი სკივრი” იქნება გამონაკლისი.
იდუმალ სკივრში, ერთ მშვენიერ ღამეს თებემ და მატემ თავიანთ საძინებელში რომ აღმოაჩინეს, სწორედ ის ინახება, რასაც ადამიანებისათვის ბედნიერება და კეთილდღეობა მოაქვს, მაგრამ სკივრი დაკეტილია, გასაღები კი – დაკარგული. აუცილებლად უნდა იპოვოთო, ეუბნება კოსმიური ფერია თებეს და მატეს და ბავშვებიც თავიანთი საძინებლიდან პირდაპირ სხვადასხვა სივრცეებსა და განზომილებაში გადააბიჯებენ, სადაც სიყვარული ლაპარაკობს, მანდარინის ხე მღერის, ღიმილის ქალაქში შესვლაზე ფასდაკლებაა, ზღაპრული სამყარო კი ერთ ნაცნობ ქვეყანას მოგვაგონებს, რომელსაც ასევე ძალიან სჭირდება იდუმალი სკივრის გასაღების პოვნა.
ამ ამბავზე კი რეჟისორ კახა შარტავასთან ერთად სიამოვნებით იმუშავეს მხატვარმა ნუცა ჭყონიამ და ქორეოგრაფმა ნათია ბუნტურმა. ახალ ზღაპარს ცნობილ და საყვარელ მსახიობებთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მოგიყვებიან. სპექტაკლი როგორც ბავშვებისათვის, ასევე მოზარდებისათვისა და მათი მშობლებისთვისაა.