ეჟენ იონესკო “სკამები”
რეჟისორი – ანა ბალიაშვილი (სადიპლომო სპექტაკლი)
დიპლომანტმა რეჟისორმა ანა ბალიაშვილმა სადიპლომო ნამუშევრად ეჟენ იონესკოს „სკამები“ აირჩია. სტუდენტი შეეჭიდა საკმაოდ რთულ ლიტერატურულ ტექსტს, რომლის სცენური ინტერპრე
ტაციაც დიდ გამოცდილებას, გამბედაობას და ოსტატობას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტს არც თუ ისე დიდი შემოქმედებითი გამოცდილება აქვს და ქართულ თეატრში არც მნიშვნელოვანი ტრადიცია არსებობს აბსურდის დრამატურგიის წარმატებით სცენაზე განხორციელების, ანა ბალიაშვილმა შეძლო თავისი სათქმელის აუდიტორიამდე მოტანა. მან ააგო სპექტაკლი ორი მსახიობის ურთიერთობაზე და გამოავლინა არა მარტო ორგანიზაციული ნიჭი (რაც მომავალ რეჟისორს სჭირდება), არამედ მსახიობთან მუშაობის უნარი. მის სპექტაკლში ორივე მსახიობი სცენურ ურთიერთობებს აგებენ ოსტატურად და პროფესიონალურად.
აბსურდის დრამატურგიაში ძნელია ლოგიკის, სიუჟეტური თანმიმდევრობის დაჭერა. ამ სირთულემ ანა ბალიაშვილის სადიპლომო ნამუშევარშიც იჩინა თავი, როცა სპექტაკლის მეორე ნაწილში საგრძნობლად გაერთფეროვანდა და გაიწელა ეპიზოდები.
ანა ბალიაშვილმა გამოავლინა სარეჟისორო ხელოვნების კარგი ცოდნა, ის ორიგინალურად არჩევს და ითვისებს სივრცეს და ორიგინალურად იყენებს მას. სპექტაკლის დასაწყისში ტემპო-რიტმი მზარდია, თანმიმდევრული და განვითარებადი, რომელიც მეორე ნაწილში დუნდება, ხოლო საფინალო ეპიზოდებში კი კულმინაციას აღწევს. რეჟისორმა გამოავლინა მსახიობებთან მუშაობის ცოდნაც და უნარიც და მნიშვნელოვანია, რომ გამოავლინა შემოქმედებითი ინდივიდუალურობაც.
ალექს ჩიღვინაძე “უხერხემლო”
რეჟისორი – გელა გულიაშვილი (სადიპლომო სპექტაკლი)
დიპლომანტმა რეჟისორმა გელა გულიაშვილმა თავის სადიპლომო ნამუშევრის მომზადებისას არჩევანი თანამედროვე ქართველი დრამატურგის ალექსი ჩიღვინაძის პიესაზე „უხერხემლო“ შეაჩერა. ერთი მხრივ, სტუდენტი – რეჟისორისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე სათეატრო ტექსტზე მუშაობა, მაგრამ მეორე მხრივ რეჟისორი არ შეუშინდა იმ სირთულეს, რაც არა მხოლოდ თანამედროვე ტექსტის დრამატურგიულ სტრუქტურაშია, არამედ ქტუალურ თემას და პრობლემას, რომელიც მწვავედ დგას ჩვენს საზოგადოებაში.
დიპლომანტმა გამოავლინა მომავალი რეჟისორისთვის მნიშვნელოვანი უნარები: შეუძლია ტექსტის ინტერპრეტირება, პროცესის ორგანიზება, მუშაობა არტისტებთან (მათ შორის, გამოცდილ პროფესიონალებთან) და ატმოსფეროს შექმნა. ვფიქრობ, გელა გულიაშვილმა თავისი სადიპლომო ნამუშევრით თითქმის სრულყოფილი სპექტაკლი დადგა, რომელიც სცილდება თავისი მასშტაბით სტუდენტურ ნამუშევარს, თუ არ ჩავთვლით მცირე ხარვეზებს, რაც ხანგრძლივ შესავსებ პაუზებში გამოვლინდა პერიოდულად სპექტაკლის მსვლელობის დროს.
დიპლომანტი გელა გულიაშვილი ფლობს მომავალი რეჟისორისთვის მნიშვნელოვან თვისებებს და ოსტატობას, რაც გამოიხატება სცენური სივრცის ორიგინალურად გადაწყვეტაში, ატმოსფეროს შექმნაში და პერსონაჟთა ხასიათების მკვეთრ გამოხატვაში. მსახიობებთან მუშაობაში დიპლომანტი ავლენს პრინციპულობას და აღწევს დასახულ მიზანს. მან შეძლო პროფესიონალ მსახიობთა (და არა მარტო) წარმოჩენა ახლებური, განსხვავებული რაკურსით.
ლაშა ჩხარტიშვილი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი