სიყვარულის ბანალურობა, პრემიერა

Facebook
Twitter

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, 17 და 18 სექტემბერს ილიაუნის თეატრში პრემიერა იგეგმება.

თანამედროვე ებრაელი დრამატურგის  სავიონ ლიბრეხტის პიესას „სიყვარულის ბანალურობა“ ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ითამაშებს. სიყვარულის ეს ცნობილი ისტორია ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა, სპექტაკლის რეჟისორი კი მამუკა ცერცვაძეა.

სპექტაკლი მოგვითხრობს XX საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის სრულიად არაპლატონური სიყვარულის შესახებ.

ეს არ არის კლასიკური  სიყვარულის ისტორია 18 წლის გოგოსა და 35 წლის ცოლიან მამაკაცს შორის, როდესაც ნდობითა და ვალდებულების გრძნობით ბოროტად სარგებლობენ.  რომანტიკის, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის ასპექტის მიღმა, ებრაელი ჰანა არენდტისა და ნაცისტური პარტიის დროებით წევრი მარტინ ჰაიდეგერის საიდუმლო კავშირი ერთდროულად მომხიბვლელიცაა და შემაძრწუნებელიც.

თეატრი თავისი არსით პოლიტიკური ხელოვნებაა, თუმცა ამასთანავე, ადამიანის ცხოვრების პოლიტიკური ასპექტები ხელოვნებისთვის საინტერესო მხატვრულ სახეებში გარდაიქმნება. თეატრის ცენტრალურ საკვლევ ობიექტს ადამიანი წარმოადგენს, მისი რაობის განსაზღვრა და შესაბამისად იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ როგორ და რა ფორმებში ვლინდება ადამიანის ადამიანურობა. აღნიშნული საკითხის  კვლევა და ანალიზი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია XX საუკუნის ტოტალიტარული და ძალადობრივი რეჟიმების გამოცდილების გათვალისწინებით. ამასთან ერთად, საგულისხმოა, რომ პოლიტიკა, ტექნოლოგიური პროგრესი და  გლობალიზაცია დიდ როლს თამაშობს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში და  კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ინდივიდის, თავისუფლების გამოვლინების სივრცესა და არეალს.