16 მაისს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრს ვენის თეატრი Teatro Caprile ეწვევა სპექტაკლით „ომის პირველი და კაცობრიობის უკანასკნელი დღეები“.
პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი არის ანდრეას კოზეკი, სპექტაკლის კონცეფციაზე იმუშავა ატარინა გრაბჰერმა; ქორეოგრაფი არის იულია ვურგლიკსი. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: გეორგ ბეჰამ-კროიცბაუერი, კატარინა გრაბჰერი, ჰაიდემარია ჰაგერი და ანდრეას კოზეკი.
წარმოდგენა პირველი მსოფლიო ომის თემას ეძღვნება. სპექტაკლის იდეა 2014 წელს გაჩნდა ავსტრიელი ისტორიკოსისა და დიპლომატის რუდოლფ აგსტნერის წიგნის „ოდნავ განსხვავებული წიგნი პირველ მსოფლიო ომზე“ გამოსვლის შემდეგ, რომელშიც გამოქვეყნებულია ავსტრიის მონარქიის ელჩების მიმოწერა 1914 წელს. იმდროინდელი საგაზეთო სტატიები, სიმღერები და ლიტერატურული ნაწარმოებები ასევე დაედო საფუძვლად კოლაჟს, რომელიც რეალურად ნააზრევის, დაწერილისა და შემდგომ ჩადენილის საშინელებაზე მოგითხრობთ.
Teatro Caprile ილიას უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრისა და ილიაუნის თეატრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ეწვევა თბილისს. სპექტაკლს დაესწრება ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და აზერბაიჯანში ბატონი აქსელ ვეხი.
დასწრება თავისუფალია.