“ციცქნა გოლიათი”, პრემიერა

Facebook
Twitter

3 და 4 ივნისს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრის სცენაზე მორიგი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლი „ციცქნა გოლიათი“ ერთგვარი თეატრალური ექსპერიმენტია. ქართულ სცენაზე ცნობილი ქართველი დრამატურგის ირაკლი სამსონაძის ეს პიესა პირველად გათამაშდება. სპექტაკლს ახალგზარდა რეჟისორი ანა გოგიშვილი დგამს.

პიესის ჟანრი ავტორმა განსაზღვრა,  როგორც „არც თუ სასაცილო კომედია“.  მასში ბრმა მორჩილების, ცხოვრების აზრის დაკარგვისა და რეალობასთან გაუცხოების საკითხებია წამოჭრილი. ნაწარმოები არსებითად აბსურდისტულ ჟანრს მიეკუთვნება. პიესაში ორი მოქმედი პერსონაჟია, ქალი და კაცი, რომლებიც არარსებულ შვილს, „ციცქნა გოლიათს“, ზრდიან. პიესაში წარმოდგენილი პრობლემატიკა დღეისთვის აქტუალურია, – თანამედროვე ქართველი მაყურებელი მასში საკუთარ ყოველდღიურობას აღმოაჩენს: ყოველდღიურობა სავსეა მომავლისა და წარსულის შესახებ აბსურდული კამათით, მსჯელობითა და მოქმედებებით. ადამიანის იდენტობას ქმნის აბსურდული ნარატივები საკუთარი ვინაობის, წარმომავლობისა და მომავლის შესახებ. ამ გაგებით, შეიძლება ითქვას, რომ პიესა „ციცქნა გოლიათი“ ქართული აბსურდის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

შეგვიძლია წარსულის ბოლომდე დავიწყება? რა მოხდება მომავალში, თუ მთავარ ღირებულებებზე ვიტყვით უარს? რა გვემართება, როცა ომს ვუცხადებთ წარსულს, აწმყოს და ბუნდოვან მომავლს? გვავიწყდება ბავშვობა, სოფელი, სადაც გავიზარდეთ, ბაბუა, რომელიც ყალიონს აბოლებდა, და ყალიონი, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში თანდათანობით იფერფლება? იქნებ იცოდეთ, რით ვუშველოთ ჩვენს შვილს, “ციცქნა გოლიათს”, რადგან მას სულ სძინავს და სძინავს…