ილიაუნის თეატრის სპექტაკლები “უხერხემლო” და “დარისპანის გასაჭირი” თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის რეკომენდირებულ სპექტაკლებს შორისაა. ფესტივალის ქართული პროგრამის 17 რეკომენდირებული სპექტაკლი თეატრის კრიტიკოსებისგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია.
აღსანიშანავია, რომ სპექტაკლების რეჟისორები საბა ასლამაზიშვილი და გელა გულიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური პროგრამის კურსდამთავრებულები არიან.
“დარისპანის გასაჭირი” საუკუნის წინანდელი ამბავია იმის შესახებ, თუ როგორ დაატარებს დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს წინ და უკან, მეგობრებსა და ნათესავებში, მოყვრებსა და მეზობლებში, რომ როგორმე უპოვოს შესაფერისი ქმარი და უზრუნველყოს მისი მომავალი.ეს ამბავი, ერთდროულად ტრაგიკული და ღიმილისმომგვრელი, უზარმაზარი სიყვარულითაა გაჟღენთილი ქვეყნის მიმართ, რომელსაც „ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“. ეს ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენი ქვეყნის ბედს, რომელიც დარისპანივით გამოსავალს სხვაგან ეძებს: სხვების დახმარებაში, სხვაზე „მითხოვებაში“, დალხენილი ყოფის ილუზიაში, რომელიც ბუმერანგივით ბრუნდება და კიდევ უფრო დიდ უიმედობას იწვევს.რა უფრო მნიშვნელოვანია, თავისუფლება, თუ უზრუნველი ცხოვრება?რეჟისორი და მსახიობები მაყურებელთან ერთად ეცდებიან იპოვნონ გზა, რომელიც ხელს შეუწყობს დარისპანის ოჯახის და, ამავდროულად, საქართველოს მომავალის გადარჩენას. სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით.
სპექტაკლი “უხერხემლო” გვიყვება ამბავს, როგორია საქართველოში ცხოვრება, როდესაც განსხვავებული ხარ? რა უნდა დაუპირისპირო მეგობრების, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის გულგრილობას? როგორ უნდა გადარჩე, ან ღირს კი გადარჩენა, როდესქაც არავის სჭირდები, არავის ესმის შენი? ამ ერთ ტრაგიკულ ამბავში, რომელიც დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა, თითქოს მთელი საზოგადოების პრობლემებია გაერთიანებგული და დაფიქრებისკენ გვიბიძგებს, როგორ შევცვალოთ ის ქვეყანა, სადაც მშობლებს საკუთარი განსხვავებული ორიენტაციის შვილის დაკრძალვა მეზობლებისგან, სოფლისგან, ქვეყნისგან მალულად უწევთ.
23 და 24 სექტემბერს გაიმართება “დარისპანის გასაჭირი”, ხოლო 26 და 27 სექტემბერს სპექტაკლი “უხერხემლო”. ფესტივალის სტუმრებისათვის სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.