“ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”, პრემიერა

Facebook
Twitter

28 დეკემბერს 18:00 საათზე ილიაუნის თეატრის სცენაზე საახალწლო სპექტაკლის პრემიერა შედგება  და ეს ჯადოსნური დღეები ჩვენი მაყურებლისათვის 2024 წლის 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

როალდ დალის კეთილი ზღაპარი „ჩარლი და შოკოლადების ქარხანა“ ყველასათვის ცნობილია კინოეკრანიზაციით და საქართველოს მასშტაბით პირველად იდგმება თეატრის სცენაზე.

საახალწლო სპექტაკლზე რეჟისორი ქეთი ასათიანი მუშაობს, ცნობილ მსახიობებთან, სკოლის მოსწავლეებთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, რომლებიც თეატრმა ქასთინგის საშუალებით აიყვანა სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად.

შობის ღამეს ყველა მეოცნებე ადამიანი სასწაულის მოლოდინშია, პატარა ჩარლიც, რომელიც ერთი დიდი ქალაქის განაპირას, ხის პატარა სახლში ცხოვრობს, ოცნებობს, რომ ოდესმე უზარმაზარ შოკოლადების ქარხანაში მოხვდება , ცნობილი ვილი ვონკას ქარხანაში, რადგან შოკოლადი ძალიან უყვარს და მისი დაგემოვნების საშუალება, წელიწადში მხოლოდ ერთხელ, შობას ეძლევა, ისიც ოჯახის წევრების დაუღალავი შრომის ფასად.

რას უმზადებს ბედი ჩარლის?! ვის შეხვდება ვილი ვონკას შოკოლადების ქარხანაში შესასვლელი ოქროს ბილეთი და ვინ მიიღებს მთავარ ჯილდოს?!

შობას ხომ ყველა ოცნება უნდა ახდეს!

სპექტაკლის დასასრულს ბაშვებს მათთვის ძალიან საყვარელი “ლოკომოკოს” ლომი შეეგებება და დაასაჩუქრებს.