3 ნოემბერს ილიაუნის თეატრი მეთერთმეტე სეზონს გახსნის, ჩვენს სცენაზე სპექტაკლის „ძალად ექიმი“ პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლი “ძალად ექიმი” რეჟისორმა კოკო როინიშვილმა ფრანგი დრამატურგის ჟან-ბატისტ მოლიერის პიესის მიხედვით დადგა. ყველასთვის საყვარელ კომედიას ილიაუნის თაეტრის სცენაზე მსახიობები ანკა ვასაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ანი იმნაძე და სხვები გაითამაშებენ.
კომედია მოგვითხრობს თუ როგორ ჩათვალა მთელმა სამყარომ, რომ მთავარი გმირი, უმაქნისი ლოთი სგანარელი ცნობილი ექიმია, რომელსაც ყველა დაავადების განკურნება ძალუძს. „პაციენტები“ გულუბრყვილოდ სთავაზობენ სგანარელს უზრმაზარ თანხებს მის სასწაულმოქმედ წამალში, რომელიც სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არ არსებობს. მოხერხებული სგანარელი სწრაფად მდიდრდება, თუმცა არც კეთილი საქმის გაკეთება ავიწყდება და ყველაზე სერიოზული „ავადმყოფების“, შეყვარებული წყვილის, „განკურნებასაც“ ახერხებს.
რეჟისორმა კოკო როინიშვილმა სპექტაკლის ფორმის გადაწყვეტისას კარგად ნაცადი, ფრანგული და იტალიური კომედიის საყვარელი თეატრალური ხერხი, ე.წ. „სპექტაკლი სპექტაკლში“ მოიშველია. მისი სპექტაკლის პერსონაჟები, ისევე როგორც მოლიერი და მისი დასი თეატრალური მოღვაწეობის დაწყებისას, მოხეტიალე მსახიობები არიან, რომლებიც შემთხვევით მიტოვებლ თეატრში აღმოჩნდებიან, იქვე მოძებნილ კოსტუმებს და დეკორაციას მოიშველებენ და პიესის „ძალად ექიმი“ გათამაშებას განიზრახავენ.
2022 წელი მსოფლიო კულტურაში მოლიერის წლად არის მიჩნეული, ვინაიდან 15 იანვარს მისი დაბადებიდან 400 წელი გავიდა. წელს მთელ მსოფლიოში და, განსაკუთრებით, საფრანგეთში, მრავალი ღონისძიება ტარდება ამ თარიღის აღსანიშნავად. ილიაუნის თეატრი ახალი სპექტაკლით უერთდება ევროპული თეატრის ამ დიდ დღესასწაულს.