30 და 31 მარტს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრში ამ სეზონის მეოთხე პრემიერა გაიმართება
სპექტაკლი “იდეალური ოჯახი” რეჟისორმა დავით ჭახრაკიამ ვაცლავ ჰაველის პიესის “ვერნისაჟი” მიხედვით დადგა. სპექტაკლის მხატვარი გიორგი უსტიაშვილია. იდეალური ოჯახისა და მისი სტუმრის ისტორიას კი მსახიობები რუსკა მაყაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი), გიორგი გოგუაძე (ერისთავის თეატრის მსახიობი) და პაატა პაპუაშვილი (მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი) გაითამაშებენ.
რა ხდება მაშინ, როდესაც საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ სხვის შეხედულებებზე აგებ?! როდესაც ცდილობ სხვისი დაკნინებით წარმოაჩინო საკუთარი თავი და მხოლოდ სხვის დასანახად შექმნა იდეალური ოჯახი…
არსებობს კი იდეალური ოჯახი?! ან იქნებ ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ მრავლად არიან ვაცლავ ჰაველის პიესის გმირები, რომლებიც გამუდმებით სხვის არასრულფასოვნებას უსვამენ ხაზს და ჰარმონიულ ურთიერთობაზე გვესაუბრებიან.
სპექტაკლი თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით დაიდგა.
ჩეხ დრამატურგს, ესეისტს, დისიდენტს, პოლიტიკოსს, “ხავერდოვანი რევოლუციის” შემოქმედს, ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელ და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტს, ვაცლავ ჰაველს კომუნისტურ რეჟიმთან დაპირისპირება თავისი პიესების გამოც მოუხდა, რომლებშიც მას რეჟიმის პირობებში ცხოვრების აბსურდული მხარეები აქვს აღწერილი. ჰაველს დაწერილი აქვს ოცზე მეტი პიესა და რამდენიმე თხზულება, რომელნიც დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული გახლდათ, თავად დრამატურგი კი უშიშროების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყო მოქცეული. არაერთხელ იჯდა ციხეში პოლიტიკური შეხედულებებისა და დისიდენტური საქმიანობის გამო.
„ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად ვაცლავ ჰაველი პრეზდენტი გახდა და ჯერ ჩეხოსლოვაკია, შემდეგ კი ჩეხეთის რესპუბლიკა დემოკრატიულ სახელმწიფოდ აქცია. ჰაველს მიღებული აქვს ამერიკის პრეზიდენტის თავისუფლების მედალი, ფილადელფიის თავისუფლების მედალი, კანადის ორდენი და კეთილი ნების ელჩის წოდება. იგი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინტელექტუალადაა აღიარებული.