3, 4 და 7 ივნისს ილიაუნის თეატრში მიმდინარე სეზონზე ბოლო, მეხუთე პრემიერა გაიმართება. კლასიკას ჩვენს თეატრში ამჯერად რეჟისორმა გოგა ქაჩიაბაიამ მიმართა.
სპექტაკლში ილიაუნის თეატრის მსახიობები გიორგი მახარაძე, კახა გოგიძე, მაკა შალიკაშვილი, დავით დავითულიანი, ანდრია ვაჭრიძე და ზურაბ გაბუნია თამაშობენ. ასევე, სპეციალურად „სკაპენის ოინებისთვის“ სამი მსახიობი – გიორგი შავგულიძე, ნინი არჩაია და პაატა კიკვაძე ილიაუნის თეატრმა თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრიდან მოიწვია. სპექტაკლის მხატვარი ლევან ჭიჭინაძე გახლავთ.
პიესა „სკაპენის ოინები“ კომედია დელ’არტეს კლასიკურ სქემას მიჰყვება და „10 ძირითადი ნიღბისგან“ შედგება: ორი შეყვარებული ბიჭი, რომელნიც მამების რისხვას გაურბიან, ორი მშვენიერი, მაგრამ გაურკვეველი წარმომავლობის, ღარიბი გოგო, ორი მდიდარი მამა, რომელნიც სახლში ბრუნდებიან, რათა შეყვარებული ბიჭები სულ სხვა გოგოებზე დაქორწინინონ, მსახური, კაპიტანი, მოახლე ქალი და ყოვლისშემძლე სკაპენი, რომელიც ორ წუთში ახვევს თავბრუდამხვევ ოინებს, რათა დაამარცხოს სიძუნწე, დაეხმაროს შეყვარებულ ბიჭებს, ბედნიერება გაამეფოს ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქ ნეაპოლში და თეატრალური დარბაზი სიცილსა და მხიარულებაში გახვიოს.
ჩვენს თეატრში მოლიერი კიდევ ერთხელ შეეჯიბრება იტალიურ კომედია დელ’არტეს და ქართველ მაყურებელს შეახსენებს – სკაპენი რომ არა, მსოფლიო დრამატურგიას არც ფიგარო ეყოლებოდა.
სპექტაკლის რეჟისორი, გოგა ქაჩიბაია უკვე მეორედ მუშაობს ილიუანის თეატრში. პირველი სპექტაკლი, სარა კეინის „ფსიქოზი 4:48“ ჩვენს სცენაზე მან 2012 წელს ბუბა ბასიშვილთან ერთად დადგა. სპექტაკლს თეატრი ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა. გოგა ქაჩიბაია 2006 წლიდან თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის რეჟისორია. ამავდროულად, მას დადგმული აქვს სპექტაკლები ათონელის თეატრში, თეატრ „გლობუსში“, სამეფო უბნის თეატრსა და თეატრალურ სარდაფში რუსთაველზე.
სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.