“მარატ-სადი” ტაშკენტში ახალგაზრდულ თეატრალურ ფორუმზე

Facebook
Twitter

2 დეკემბერს ილიაუნის თეატრმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის კურსდამთავრებულის, საბა ასლამაზიშვილის სადებიუტო სპექტაკლი “მარატ-სადი” უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ახალგაზრდულ თეატრალურ ფორუმზე ითამაშა. სპექტაკლი დამოუკიდებელი თეატრის “ილხომის” სცენაზე შედგა. ინტერესი სპექტაკლის მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ პანდემიის მიუხედავად, მაყურებელი 2 საათის განმავლობაში გადაჭედილ დარბაზში ყოფნასაც კი არ შეუშინდა და ბევრმა მათგანმა სპექტაკლს თავიდან ბოლომდე ფეხზე უყურა. სპექტაკლს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში, ბატონი ზურაბ აბდუშელიშვილი და საქართველოს საელჩოს თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

7 დეკემბერს თეატრალური ფორუმის დახურვის ცერემონიალი გაიმართა, რომელზედაც ფორუმის შედეგები გაცხადდა. სპექტაკლებს სპეციალური ჟიური აფასებდა, რომელმაც “მარატ-სადს” მეორე ადგილი მიანიჭა. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა როგორც სპექტაკლის ახალგაზრდა რეჟისორისთვის, ისე მთელი შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფისათვის.

სპექტაკლის “მარატ-სადი” პრემიერა ილიაუნის თეატრში 2018 წლის 10 მაისს შედგა. იგი საფრანგეთის რევოლუციის პერიპეტიებს გივყვება და სიტყვის, გრძნობს, გამოხატვის, სინდისის თავისუფლებაზე დაფიქრებისკენ მოგვიწოდებს და იმ ზოგადსაკაცობრიო თემებს ეხება, რომლიც მუდამ თანამედროვე, საინტერესო და საჭირბოროტოა.