24 მარტს 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრი მორიგი პრემიერისათვის ემზადება.
ამელი ნოტომის ძალიან აქტუალურ და საინტერესო პიესაზე „საწვავი“ რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა იმუშავა. პიესა ნაცნობ სიტუაციას მოგვითხრობს, როდესაც ზამთარია და ომი მძვინვარებს, ადამიანები საკვებს და სითბოს ეძებენ გადასარჩენად, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი უკვე დაიწვა და მხოლოდ წიგნები-ღა დარჩა? გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, თუ წიგნები?!
პიესის სამი გმირი გაყინულ სივრცეში ცდილობს გადაწყვიტოს რომელი წიგნი გადარჩეს და რომელი გაიწიროს. ღუმელში ერთი მეორეს მიყოლებით იწვიან წიგნები და რაც უფრო ნაკლები ლიტერალურა რჩება სცენაზე, მით უფრო მეტს ვიგებთ პერსონაჟების შესახებ. ფინალი სევდიანია როგორც წიგნებისათვის, ისე გმირებისათვის. სპექტაკლს ექსტრემალურ სიტუაციაში ჩავარდნილი ადამიანის ფსიქოლოგიის შესახებ მსახიობები გიორგი ჯიქია, ანიკო შურღაია და გიორგი ტაბიძე ითამაშებენ. სპექტაკლის მხატვარი თეო კუხიანიძეა, ხოლო ერეკლე გეწაძემ სპეციალურად დაწერა მუსიკა.
გვჯერა რომ, ჩვენი ბევრგზის ომგამოვლილი ქვეყნის საზოგადოებისათვის ეს სპექტაკლი ძალიან ემოციური იქნება, მითუმეტეს ახლა, როცა მეზობელ ქვეყანაში ჯერ კიდევ ომია და ჩვენი ქვეყნის 20% ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.