“სეზარი და დრანა” ფესტივალზე “არმმონო”

Facebook
Twitter

30 აპრილს, 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი ერევნის  მონო სპექტაკლების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „არმმონო“ სპექტაკლს „სეზარი და დრანა“ ითამაშებს.

თეატრალური ფესტივალი ერევანში წელს მეთოთხმეტედ ჩატარდება. მონო სპექტაკლებს ფესტივალზე შვეიცარიის, ბელორუსიის, პოლონეთის, ლიტვის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის თეატრები წარმოადგენენ. ფესტივალი 29 აპრილს გაიხსნება და 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

სპექტაკლი „სეზარი და დრანა“ უკვე ერთი წელია ილიაუნის თეატრის რეპერტუარშია. კანადელი თანამედროვე დრამატურგის იზაბელ დორეს პიესაზე „სეზარი და დრანა“ რეჟისორმა რუსუდან კობიაშვილმა იმუშავა.
„სეზარი და დრანა“ მონოსპექტაკლია და ბოშა ქალზე, დრანაზე მოგვითხრობს, რომელიც თავის ბებერ ცხენ სეზართან ერთად გზას მიუყვება და მას, ერთადერთ ახლობელ სულიერს ესაუბრება. დრანა ღონემიხდილ ცხენს უყვება ომითა და სხვა ჭირ–ვარამით სავსე ცხოვრების შესახებ,  იხსენებს სიყვარულს, შვილებს…

დრანას როლს სპექტაკლში ლილი ხურითი თამაშობს, შემოქმედებითი ჯგუფიც მხოლოდ ქალებისგან შედგება. პიესა ფრანგულიდან ქეთი კანტალიანმა თარგმნა, ორიგინალური  მუსიკა  სპეციალურად სპექტაკლისთვის კომპოზიტორმა მაია გოქსაძემ შექმნა,  სპექტაკლი დანიაში მოღვაწე მხატვარმა თამარ კობიაშვილმა გააფორმა.

სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით